მოლაშქრეთა კლუბი

მითები და რეალური ფაქტები ლომისას სალოცავზე

საქართველო, როგორც ვიცით მდიდარია ეკლესია მონასტრებით. თითოეულ კუთხეს რაიმე დამახასიათებელი ნიშანი აქვს. მაგალითად, ყველას განსხვავებული ტრადიცია, დღესასწაული და ადათ-წესი ახასიათებს. ერთ-ერთი ასეთი განსხვავებული ისტორიის მქონეა ლომისას წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია.

ლომისა მე-13 საუკუნის სალოცავია საქართველოში. ის მდებარეობს მცხეთა-მთიანეთის მხარეში, ისტორიულ მთიულეთში, ქსნისა და არაგვის წყალგამყოფ ქედზე, სოფელ მლეთის სამხრეთით.

ლომისა წინარექრისტიანული ღვთაება იყო მთიულეთში. სახელწოდება, ხალხურ გადმოცემათა ტრადიცია ლომა – ხარს უკავშირდება. მოგვიანებით ეს კულტი მთვარის ღვთაებას დაუკავშირდა. ამას მოწმობს ის ფაქტი, რომ ხარის საკულტო გამოსახულებებს (რქებს) ხშირად ახალი მთვარის მოყვანილობა აქვს. ლეგენდებისა და რიტუალების თანახმად, ლომისა მონადირე, მხედარი ღვთაება იყო. მთის გაქრისტიანების შემდეგ მთვარის ტაძრის ადგილზე აუგიათ ქრისტიანული ეკლესია, რომელიც წმინდა გიორგის დაუკავშირდა.

ლომისას წმინდა გიორგის ეკლესია ნატეხი ქვით არის აგებული, ძლიერ დაზიანებულია და არ არის რესტავრირებული. გრძლივ კედლებში დაყოლებულია ნიშები. ტაძრის ირგვლივ შემორჩენილია სხვადასხვა დანიშნულების ნაგებობათა ნაშთი. ეკლესიის სამხრეთით დგას ნატეხი ქვით ნაგები, გვიანდელი შუა საუკუნეების ორსართულიანი სამრეკლო. ამჟამად მხოლოდ ჩრდილოეთ ნახევარია შემორჩენილი.


მეცამეტე საუკუნეში ჩვენს სამშობლოს საშინელი განსაცდელი დაატყდა თავს. ერთიანი და ძლიერი თამარის საქართველო დაკნინდა და გაპარტახდა. ხვარაზმელებიც მოგვევლინნენ ღვთის რისხვად. მათი ლაშქარი, რომელსაც სულთანი ჯალალ-ედ-დინი სარდლობდა, ორგზის შემოესია ქვეყანას. მტერი „აღაოხრებდეს საქართველოსა, არბევდეს და ტყვე-ჰყოფდეს და სრულად ხოცდეს და არავინ იყო ნუგეშინისმცემელი მათი… გაგრძელდა ესევითარი ჭირი და ზეგარდამომავალი რისხვა ხუთისა წლისა ჟამთა“. მტერმა მაშინ არაგვის ხეობაც დაარბია და 7000 არაგველი ტყვედ წაასხა. ტყვეებს თან მთიულეთის მთავარი სიწმინდე – გზოვანის წმინდა გიორგის ხატი – წაუღიათ. გადმოცემით, ამ ძლიერ ხატს ხვარაზმელთა (ხორასნელთა) მხარე „შეუკრავს“ – დედამიწას ნაყოფი აღარ გამოუღია, ადამიანი და საქონელი გაბერწებულა… ერთი სიტყვით, ქვეყანა დაღუპვის პირას მისულა.
თავზარდაცემულ სულთანს მკითხავები უხმია. მათ მოუხსენებიათ, უბედურების მიზეზი გურჯისტანის ხატიაო. საკირეში ჩააგდეთო, მყისვე უბრძანებია სულთანს. ასეც მოქცეულან, მაგრამ უვნებელი ხატი საკირიდან ამოფრენილა და იქვე მოვლენილი თეთრი ხარის რქაზე დაბრძანებულა. ხარი და ხატი მანამ არ დაძრულან ადგილიდან, სანამ სულთანს ყველა ტყვე არ გაუთავისუფლებია. მაინც დაჰკლებიათ ერთი კოჭლი დედაკაცი, რომელიც ვიღაც ხორასნელს მოახლედ წაუყვანია. ის ქალიც სასწრაფოდ მოუძებნიათ და ხატიანი ხარიც 7000 ტყვეყოფილის თანხლებით საქართველოსკენ დაძრულა. გზად, სადაც კი ხარს შეუსვენია, ხალხს ყველგან ნიში აუგია.
შინ დაბრუნებული ხარი, ყველას გასაკვირად, გზოვანის მთაზე კი არ ასულა, ერთ ციცაბო ბილიკს შესდგომია, ქსნისა და არაგვის ხეობათა წყალგამყოფ ქედამდე მიუღწევია და იქ უსულოდ დაცემულა. ხატიც იქვე დაფრენილა. ამ მთის წვერიდან არაგვამდე ხალხი ჯაჭვად გაბმულა და ტაძარი აუშენებია. რაკი ხარს ლომა ერქვა, სალოცავსაც ლომისას წმინდა გიორგი უწოდეს. ამის შემდგომ ტყვეყოფილები არაგვის ხეობაში გაფანტულან და მადლიერების ნიშნად წმინდა გიორგის სახელზე საყდრები აუშენებიათ. იქიდან მოყოლებული, უკვე რვა საუკუნეა, სულთმოფენობის შემდგომ ოთხშაბათს მლოცველებით, ლომისას უნჯი ანუ ძირძველი ყმებით ივსება ძველი საყდარი. „ღმერთო, გაუმარჯვე დიდ ლომისას წმინდა გიორგის, ხორეშანით მობრძანებულს, შვიდი ათასი ტყვის მხსნელს, ქსნისა და არაგვის თავდამყუდებელს“, – ილოცებიან მთიულნი.

ლომისის მუხის კარს რკინა აქვს გადაკრული, რომელზეც თვრამეტსტრიქონიანი ხუცური წარწერა ამოუჭრიათ. ამ წარწერიდან ირკვევა კარის შემჭედი ოსტატების, პურისა და რკინის შემომწირველთა ვინაობა. წარწერა XVI-XVII საუკუნეებს უნდა ეკუთვნოდეს. კარს ოთხ მწკრივად რგოლები დაუყვება. ღამის დარაჯი, ეკლესიაში ქურდი რომ არ შეპარულიყო, ამ რგოლებს ფეხზე აყენებდა. თუ კარს ვინმე მიადგებოდა და წვალებას დაუწყებდა, რგოლები ცვიოდა და ხმაური დაძინებულ დარაჯს აღვიძებდა. თუკი მცველი დღისით დატოვებდა ეკლესიას, რგოლებს ისე აწყობდა, რომ უკან დაბრუნებულს შეემჩნია, ვინმე ხომ არ მიჰკარებოდა ტაძრის კარს.
ლომისის კარის შესახებ ასეთ ამბავს ჰყვებიან: ერთხელ მთაზე მეფის ჯარს შეუსვენია. მოშიებულ მოლაშქრეებს კერძის მოსახარშად შეშა ვერ უპოვიათ, მეთაურის ბრძანებით ლომისის კარი ჩამოუხსნიათ, დაუპიათ და იმით დაუნთიათ ცეცხლი. უჭამიათ თუ არა, ყველა დაბრმავებულა. მეთაური ლომისას შევედრებია, თვალის ჩინი დაგვიბრუნე და ტაძარს რკინის კარს შევაბამო. ჯარს თვალი ახელია და სარდალს მადლობის ნიშნად ეს კარი შეუბამს.
ტაძარში ახლაც ინახება საყელურიანი დიდი რკინის ჯაჭვი. ვისაც აღთქმა აქვს დადებული ან აღთქმის დადება უნდა, ანდა რაიმეს ევედრება წმინდანს, ამ ჯაჭვს კისერზე იდებს და ტაძარს სამგზის შემოუვლის ლოცვით. ზოგს ეს წარმართობის გადმონაშთი ჰგონია, მაგრამ ეს ასე არ არის. ჯაჭვის კისერზე დადებით წმინდა გიორგისთვის ყმობის გამოცხადების ტრადიცია საქართველოში სხვაგანაც ყოფილა გავრცელებული (მაგალითად, აწყურში). საინტერესოა, რომ პალესტინაში წმინდა გიორგის ტაძრის მოლოცვისას თანამედროვე პილიგრიმებს სწორედ ასეთი საყელურიანი რკინის ჯაჭვი უნახავთ.
ხალხური გადმოცემით, ლომისის ჯაჭვი ბარიდან კისრით ამოუტანია დიდად ცოდვილ დადიანის ქალს. სხვა ვარიანტით, წმინდა გიორგის სასწაულებრივად უხსნია ერთი ქართველი ტყვე და მასაც მადლობის ნიშნად ჯაჭვი, რომელიც ტყვეობაში კისერზე ედო, ლომისის მთაზე ამოუტანია.

ლომისას სალოცავი წილკნისა და დუშეთის ეპარქიის დაქვემდებარებაშია. იგი დღეს მოქმედია. ლომისას დღესასწაული აღდგომის მე-7 კვირას, ოთხშაბათ დღეს იმართება. დეკანოზები გამოაბრძანებენ დროშას და ”ფერხიას” სიმღერით აიტანენ მთაზე.
რადგანაც ლომისა ქსნისა და არაგვის სალოცავია, ორივე მხარეს ჰყავს დეკანოზი.

ლომისას კართან დაკავშირებით ერთი ისტორიაც არის ცნობილი. როგორც უკვე ვიცით, ლომისა წარმოადგენს ქსნისა და არაგვის ხეობის სალოცავს და როდესაც გადაწყდა აქ აშენებულიყო სალოცავი, ორივე მხრის წარმომადგენლები შეიკრიბნენ. ისინი წყვეტდნენ შესასვლელი კარი რომელ მხარეს ყოფილიყო. ბევრი ფიქრის და კამათის შემდეგ, გადაწყვიტყეს ორივე მხარიდან ერთ-ერთ წარმომადგენელს ეჭიდავა ვინც გაიმარჯვებდა, იმ მხარეს ყოფილიყო კარი. როდესაც ეს შეასრულეს გაიმარჯვა ქსნის ხეობელმა და შესაბამისად, კარიც სამხრეთით ანუ ქსნის ხეობის მხარეს გააკეთეს.
ახლა ქსნის ხეობა ოკუპირებული ტერიტორიაა და ვერ ხერხდება ლომისას დღესასწაულზე ასვლა ამ მხრიდან. თვით ქსნის ხეობელებიც არაგვის ხეობით ახერხებენ სალოცავში მისვლას. ლომისას სალოცავი გაძარცვულა რამდენიმე წლის წინ და ვერცხლის, წმინდა გიორგის ხატი, რომელიც იმ დიდებული ხატის ასლი გახლდათ აღარ არის ეკლესიაში.




დატოვე კომენტარი